პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა დააყენა.
„ირაკლი ოქრუაშვილს სამდივნოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენს ხელთ არსებულ ერთ-ერთ ტელეფონის ნომერზე და ის აღმოჩნდა მოქმედი ნომერი. მან მოისმინა შეტყობინება, რომ დაბარებული იყო კომისიის სხდომაზე. ამის საპასუხოდ, თქვა, ეს ყველაფერი მომწერეთო და გათიშა. რა თქმა უნდა, სამდივნოს წარმომადგენელმა გაუგზავნა კომისიის ხელმოწერილი შეტყობინება, წერილი, რომ ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გთხოვთ, გამოცხადდეთ 2004 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მოსაცემად. ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა ფელდეგერის ხელით, თბილისში, მის საცხოვრებელ მისამართზე. სულ მცირე, ორჯერ იყო ფელდეგერი ადგილზე და დაცვამ უპასუხა, რომ არავინ არ არის შინ, ირაკლი ოქრუაშვილი შინ არ ბრძანდება. ამის შემდეგ ფელდეგერი ჩავიდა ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიურ სოფელში, ტყვიავში, სადაც მას ასევე აქვს საცხოვრებელი სახლი. ის აღმოჩნდა ადგილზე და უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე. ასევე, ის გამოგვეხმაურა ფეისბუქპოსტის მეშვეობით, რითაც დასტურდება, რომ იმ დღეს ლაივში ადევნებდა თვალს ჩვენს სხდომას. რა თქმა უნდა, იმ სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე მოვუწოდეთ გამოცხადებისაკენ. ამწუთას არის ასეთი ვითარება, რომ სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. შესაბამისად, შემოგთავაზებთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა კენჭისყრის დაწყებამდე, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში ასევე გადაიგზავნა „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებიც.