spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს

პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
 
ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა განხილვის მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის მიზეზები გააცნეს.
  
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევა 90 ხმით უნდა განახორციელოს.
  
თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მესამე კენჭისყრაზე შესაძლებელია გენპროკურორი არჩეული იქნეს 76 ხმით, თუმცა, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება არა 6 წელი, როგორც დღევანდელი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, არამედ მხოლოდ ერთი წელი. ერთი წლის გასვლის შემდგომ, იგივე პროცედურა დაიწყება.
  
„კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას. ამ ინიციატივის საფუძველი გახდა, თავის დროზე, შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსით, საბოლოოდ, ნაწილ ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. შემდეგ გახსოვთ, რომ 100 დღის განმავლობაში მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, განსაკუთრებით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთ დებულებად განსაზღვრული იყო სწორედ გენპროკურორის არჩევის წესი კვალიფიციური უმრავლესობით, 90 ხმით. თუ ვერ მოხერხდებოდა კვალიფიციური უმრავლესობით გენპროკურორის არჩევა, მაშინ 76 ხმით, თუმცა, მისი უფლებამოსილების ვადა უნდა ყოფილიყო 1 წელი. ჩვენ დაველოდეთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა, როგორც ვნახეთ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მიერ ეს პროცესი გამოყენებული იყო პოლიტიკური შანტაჟისა და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ვინაიდან მათ არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს. ამის შემდეგ, ჩვენ მოვახდინეთ ამ დოკუმენტის ანულირება და ის კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ჩვენ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე დავაინიცირეთ, პირველი მოსმენის ფარგლებში სწორედ გენპროკურორის არჩევის წესის გარეშე იქნა მიღებული. მოგეხსნებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12 – პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი, გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით, თუ ვერ ხდება არჩევა, მაშინ 76 ხმით, თუმცა, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
  
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 – პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს.
  
„აღნიშნული ცვლილების ინიცირების მოტივი იყო ის, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს თემა აქტიურად განიხილებოდა, იყო მოთხოვნები ამასთან დაკავშირებით წამოყენებული. 12 – პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობის არჩევის წესი. იქიდან გამომდინარე, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება პრიორიტეტულია, ჩვენ დავთანხმდით, რომ ეს ინიციატივა წარმოგვედგინა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
  
პარლამენტის წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი პარტია მხარს არ დაუჭერს.
  
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების” მიზანი არა რეალური, არამედ ფასადური ცვლილებებია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას ვერ შეცვლის.
  
„პროკურორის არჩევის წესის ცვლილების ცალკე აღებული პროექტი სწორია იმიტომ, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევა ნიშნავს იმას, რომ კომპრომისის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაკომპლექტება. თუმცა, ჩვენთვის ამ პროექტის მხარდაჭერა რთულია იმიტომ, რომ ცალკე აღებული ამ ცვლილების მიღება მართლმსაჯულების ჯაჭვს არ და ვერ გააუმჯობესებს. ჩვენ ამ პროექტს მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას თქმით, დემოკრატიული ქვეყნისთვის ეს ცვლილება არის წინგადადგმული ნაბიჯი.
  
„მიმაჩნია რომ ეს ინსტიტუტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. თუ პროკურატურა და კანონის უზენაესობა თავის დონეზეა, მაშინ ჩვენ სახალხო დამცველი არ დაგვჭირდება და არც დემოკრატიაზე ყიჟინი. ეს იქნება დემოკრატიის მწვერვალი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
  
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები არიან, საპარლამენტო უმრავლესობიდან: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი.
  
საპარლამენტო ოპოზიციიდან: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და უფრაქციო პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი.
  
სახალხო განხილვის პროცესში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური, პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
  
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა სახალხო განხილვისთვის თვალი ედევნებინა პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის, სოციალური ქსელის (Facebook) და Youtube არხის საშუალებით.
  
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღესვე, ქუთაისში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები