საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს.
ქ-ნი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქ-ნ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქ-ნი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს დაუმალავს.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ქ-ნ მედეას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.