სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისთვის, არასოდეს დაივიწყებს მას, – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს…
დიდად ვწუხვართ და პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას.
მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად.
ვლოცავთ მის უკვდავ სულს უფლის სავანესა შინა დამკვიდრების იმედით და შევთხოვთ მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ნუგეში და სულიერი სიმტკიცე მომადლოს მღვდელ თეიმურაზის ოჯახს, სამწყსოსა და საახლობლოს.
მადლიერების ნიშნად კი მისთვის ლოცვა და მის სახელზე კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენ ყველას გვმართებს”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) კურთხევით, 2024 წლის 22 აგვისტოს, დილით თბილისიდან გადაასვენებენ საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში (მის. საგარეჯო, ბარათაშვილის ქ. N 23).
შაბათს, 2024 წლის 24 აგვისტოს, წირვის შემდეგ შედგება წესის აგება და 14:00 საათზე დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.