რუსები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს, არ ჩანს, რომ მოსკოვი სერიოზულად ფიქრობს ზავის შესახებ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველმა, რომელიც 20 მარტს, ოდესაში იმყოფებოდა ქალაქზე რუსული დრონების მასიური თავდასხმის დროს, განაცხადა, რომ მან მიიღო წინასწარი ინფორმაცია დარტყმების შესახებ და ამ ინფორმაციით, ეს იყო დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა ოდესაზე. რუსეთმა ახალი ტაქტიკა გამოიყენა.
“თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ, ჯერ არ ჩანს, რომ რუსული მხარე რაიმე სახის ზავის დადებას აპირებს. როგორც ჩანს, საჭირო იქნება იმ ზეწოლის განხორციელება, რაზეც ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა და რომელიც საკმარისად ხელშესახები უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა რეაგირება მოახდინოს”, – განაცხადა პაველმა.
დღეს, 21 მარტს, პაველმა მოინახულა კიევის ბავშვთა საავადმყოფო, რომელსაც შარშან ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმას მიაყენეს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი რეალურად სჩადის სამხედრო დანაშაულებს, როდესაც თავს ესხმის სამედიცინო დაწესებულებებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს.
“რაც მოვისმინე და რაც საბოლოოდ იქნა დოკუმენტირებული და წარდგენილი ჰააგაში, იყო ასობით ასეთი შემთხვევა… თუ ვინმე თავს დაესხმება დაუცველ და მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ეს ბარბაროსობის აშკარა მტკიცებულებაა, სხვა სიტყვა არ მაქვს“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.