რვა ქვეყანა უკრაინას გერმანული წარმოების “ლეოპარდის” ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები და ჩეხეთი დამატებით გადასცემენ T-72-ს, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას ამერიკული წარმოების პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია გადასცემენ SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ სატანკო კოალიციას უკვე შეუერთდა ათეული ქვეყანა. მისი თქმით, “ლეოპარდის” ტანკებს გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები გადასცემენ, ხოლო სხვა იარაღს – აშშ და ჩეხეთი.
“აშშ და ჩეხეთი პოლონეთიდან უკვე მიღებული T-72-ების გარდა სხვა ტანკებსაც მიაწვდიან“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ, დაეხმარონ საბრძოლო მასალის მიწოდებით.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნული სამხედრო დახმარების დეტალები და დრო არ გაამჟღავნა.