რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის რეგიონის სტატუსს არ შეცვლის.
“ხერსონი არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. ეს სტატუსი კანონმდებლობით არის განსაზღვრული და გამყარებული. აქ არ არის და ვერ იქნება რამე ცვლილება“, – განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება ქალაქიდან რუსი სამხედროების გაყვანას, პესკოვის თქმით, ეს იყო თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება.
“გთხოვთ, მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს. მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ კრემლში ხერსონიდან უკან დახევა დამამცირებლად არ მიაჩნიათ.