“ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება, მის წინააღმდეგ რუსეთში გადატრიალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დაიხურება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას გააკეთებს პრიგოჟინი ბელარუსში.
პესკოვის თქმით, პუტინი და ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის ლიდერი შუამავლობას გაუწევს რუსეთში გადატრიალების მცდელობების მოგვარებას.
“ალექსანდრე გრიგოლის ძე დიდი ხანია, პირადად იცნობს პრიგოჟინს, ეს იყო მისი პირადი წინადადება. ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტის ამ ძალისხმევისთვის”, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, არც დაქირვებულები დაისჯებიან.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში მარცხში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს.
გაზაფხულზე მან გამოაცხადა ბახმუტიდან თავისი დაქირავებულების გაყვანის განზრახვა და განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი საბრძოლო მასალა. ივნისში “ვაგნერელებმა“ ფაქტობრივად უკან დაიხიეს ბახმუტიდან და მათ პოზიციებზე განათავსეს რეგულარული არმიის სამხედრო ნაწილები.
ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერს” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტმა პიკს 23 ივნისს მიაღწია. პრიგოჟინმა რუსი სამხედროები ვაგნერელთა უკანა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, უამრავი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. ამის შემდეგ დაქირავებულთა ხელმძღვანელმა “მოსკოვისკენ წასვლის” შესახებ განაცხადა. შემდეგ მათ დაიკავეს სამხედრო ნაწილები როსტოვში.
“ვაგნერის” ამბოხებას გამოეხმაურა პუტინი, ისინი რუსეთის ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა და ტრადიციულად პირობა დადო, რომ “დაიცავს რუსეთს და ყველა პასუხს აგებს”.
პუტინის საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ჩაბარებას არავინ აპირებს”, რადგან არ სურთ, ქვეყანა კორუფციაში, სიცრუესა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს.
24 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა, რომ “სამართლიანობის მარშით” მივიდნენ მოსკოვამდე 200 კმ-ში, თუმცა აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ-ერთი მხრიდან რუსული სისხლი დაიღვრება, ამიტომ კოლონებს უკან აბრუნებს. ეს მიმართვა “ვაგნერის” დამფუძნებელმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა, რომელიც ასევე შეთანხმებული იყო პუტინთან.