ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საქმე და არ ვიცი, მეორე მხარეს რა ბოროტი ადამიანები უნდა იყვნენ, რომ ამაზე ქილიკობენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადაყვანა.
“შიმშილობას დაასრულებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სადმე, მესამე ქვეყანაში, ნორმალურ სამედიცინო კლინიკაში, სადაც შეძლებენ მის განკურნებას და არა გლდანის ციხეში, ან გორის ჰოსპიტალში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირიქით, უფრო დამძიმდა”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, მართალია უკრაინის კრიზისმა მიხეილ სააკაშვილოს თემა გადაფარა, მაგრამ სწორედ ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი თავისუფლება და ჯანმრთელობა.
“მხოლოდ აქციებით შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ უცხოელი პარტნიორებიც არ ჩაერთვნენ, მათ შორის უკრაინელებიც. ერთის მხრივ, უკრაინის კრიზისი შეიძლება ფარავდეს მიხეილ საკაშვილის საქმეს, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მიხეილ საკაშვილის გამოხსნა მნიშვნელოვანია.
უკრაინასაც მიხეილ სააკაშვილის დონის, კალიბრის პოლიტიკური ფიგურა სწორედ თავისუფლებაზე სჭირდება და არა ტყვეობაში რუსთავის ციხეში გამოკეტილი. ესეც დამატებით ფაქტორი იქნება, რომ მისი გადარჩენა მოხდეს”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მათ ინტერესებში საქართველოში, თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი შედის, თუმცა ახლა საქმე ადამინის სიცოცხლეს ეხება.
“ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საქმე, თორემ წმინდა პრაგმატულად, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ მიხეილ საკაშვილი საქართველოში იყოს, ქართულ მიწაზე იყოს თავისუფლებში. ეს ჩვენ გვესმის რასაც გამოიწვევდა, ძალიან მალე ვადამდელ არჩევნებს და შემდეგ “ქართული ოცნების” დამარცხებას, მაგრამ ეს ვადამდელი არჩევნებიც და ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ ადამიანის სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, ამაზეა საუბარი და ეს ჰუმანიტარული მისია გვაქვს ყველას ჩვენ და არ ვიცი, მეორე მხარეს რა ბოროტი ადამინები შეიძლება იყვნენ, როდესაც საუბარია ადამინის სიცოცხლის გადარჩენაზე და ამაზე ქილიკით და ცინიზმით საუბრობდნენ, უბრალოდ არ მესმის”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეირყა, რუსთავის ციხეში შიმშილობა მეორედ გამოაცხადა. მედიკოსების დასკვნით, ექსპრეზიდენტის გამოჯანმრთელება პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია.