თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია არ იყო საკმარისი, ახლა “ქოცები” და მათი მიმდევრები დაინახავენ უკვე გერმანიის მხრიდან იმის შეფასებას, თუ რას აკეთებენ ისინი საქართველოში, როგორ აფერხებენ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საქართველო იზოლაციაში დარჩება, ეს ყველა მოქალაქის შემოსავალზე აისახება.
“გერმანია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ქმნის პოლიტიკურ ტრენდს, აქედან გამომდინარე, თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია არ იყო საკმარისი, ახლა “ქოცები” და მათი მიმდევრები დაინახავენ უკვე გერმანიის მხრიდან იმის შეფასებას, თუ რას აკეთებენ ისინი საქართველოში, როგორ აფერხებენ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციას, როგორც უქმნიან საფრთხეს ვიზალიბერალიზაციას.
ჩვენი თითოეული მოქალაქის და ოჯახის შემოსავლებზე აისახება ის, რომ ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში რუსეთის გუბერნიად გადაქცეული, რაც თავისთავად, სიღატაკესა და უბედურებას ნიშნავს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგში მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნეს, რომლის კენჭისყრაც დღეს იგეგმება. “საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით ქვეყნის ევროპულ მომავალს შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ და მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიდის”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.