არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველით და ვერანაირ თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ირანზე და ჩინეთზეა შეყვარებული მხარს, არ და ვერ დაუჭერს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, “მაგნიტსკის აქტში” ადრე სერგეი მაგნიტსკის მკვლელები, კადიროვი და მსგავსი ტიპის ხალხი ხვდებოდა, რომელშიც ახლა უკვე საქართველოს შს მინისტრია მოხვედრილი.
“მაგნიტსკის აქტი” არის ცალკე აღებული კანონი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც ვრცელდება ისეთ ადამიანებზე, როგორიც, პირველ რიგში, სერგეი მაგნიტსკის მკვლელები არიან, რამზან კადიროვზე, სხვა არაერთ ჩეჩენზე, კორუფციონერზე, აფრიკაში არაერთ ადამიანზე და ახლა უკვე ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრზე და სხვა ინდივიდებზე. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რა წრეში იმყოფება საქართველო, მისი ე.წ. ხელისუფლება და მინდა, იმედები გავუწბილო, რომ არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველით და ვერანაირ თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ირანზე და ჩინეთზეა შეყვარებული მხარს არ და ვერ დაუჭერს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.