ადამიანს, რომელსაც 6 წელი აქვს მისჯილი, კიდევ წინასწარი პატიმრობა დაუმატეს ზევიდან, ანუ მისი ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ადამიანს, რომელსაც 6 წელი აქვს მისჯილი, კიდევ წინასწარი პატიმრობა დაუმატეს ზევიდან, ანუ მისი ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ასევე საერთაშორისო აქტორებმაც, მათ შორის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან.
უკვე წინასწარ აქტიურად განსაზღვრულია, რომ ეს არჩევნები თავისუფლებისა და სამართლიანობის კუთხით ხარვეზებს განიცდის. მიშა სააკაშვილს არ ეშინია არც არანაირი საკნის გამოცვლის, არც სხვადასხვა, ასე ვთქვათ შენობაში გადაყვანის. ის მზად არის ბრძოლისათვის”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მესამე პრეზიდენტი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.