კიევი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამხედრო დამნაშავეებს შესაძლოა, თავისუფლების 30 წლამდე აღკვეთა მიესაჯოთ, – ამის შესახებ Front News-ს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განუცხადა.
“მოსამართლეებმა შესაძლოა, გამოიყენონ საპატიმრო სასჯელი, რომელიც ასევე შეიძლება გაფართოვდეს ჯარიმებით, შემოსავლების, ქონების, აქტივების კონფისკაციით, რომელიც ჩადენილ დანაშაულთან კავშირშია. სასამართლოს არ შეუძლია სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, მაქსიმალური ვადაა – 30 წელი”, – განაცხადა ბენსუდამ.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება სრული სვლით ხორციელდება, თუმცა ამჟამად დასრულების ვადების თქმა რთულია. პროკურატურა კონფლიქტის ორივე მხარეს დარღვევებს განიხილავს, თუმცა დაკავების ორდერი ჯერჯერობით არავისზე გაუცია.
ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით საქართველოდან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მიმართა. ბენსუდა 2015 წლის ოქტომბერში, საქმის შესწავლის მიზნით საქართველოსაც სტუმრობდა.