ნიკა გილაურის პრემიერობასთან დაკავშირებით ჩვენი და “ახალის” მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს ძალიან კარგად წარმოვიდგენდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
“ერთ კონკრეტულ სუბიექტად ჩამოყალიბება და არჩევნებში ერთად გასვლის მოლაპარაკებები წარმატებულად ვერ დასრულდა, იქნება თუ არა მოლაპარაკებების სხვა ეტაპები, ამას დრო გვიჩვენებს.
ზოგადად მოლაპარაკებები ძალიან ბევრ კომპრომისს გულისხმობს, მაგრამ არის რაღაცები, რაც უკანა პლანზე ვერ გადავა – ამომრჩეველთან უნდა იყო მართალი.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ნიკა გილაურის პრემიერობასთან დაკავშირებით ჩვენი და “ახალის” მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მე მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს ძალიან კარგად წარმოვიდგენდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. “ლელოს” თავისი კანდიდატი ურჩევნია, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა დადგა ეს რეალობა, ჩვენ ვიცით, რომ ამ დროს პარტიული ინტერესები უკანა პლანზე გადადის და აუცილებლად ისეთი ნაბიჯები უნდა განიხილებოდეს, რომ კონსენსუსური ფიგურები განიხილებოდეს მარტო ამ ერთობაში კი არა, არამედ ზოგადად, როცა კოალიციურ ურთიერთობებზე დადგება საქმე მაშინაც.
რაც შეეხება პრეზიდენტს, მან თქვა და ის თავის სიტყვას ბოლომდე მიიყვანს, რომ ის ამ არჩევნების პერიოდში იქნება პრეზიდენტი. ანა დოლიძესთან კი სულ გვქონდა ჩვენ ხშირი გადაკვეთის წერტილები გარდა მეგობრობისა. “თავისუფლების მოედანი” – ეს არის ძალიან საინტერესო, სრულიად ახალი ერთობა, რომელიც პროტესტში ამოიზარდა და არ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური წარსულით არიან დამძიმებული, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გაერთიანებაა და სასიამოვნო იქნებოდა მათთან ურთიერთობა”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ “ფორმულას” ეთერში.