სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ ბრატისლავას და ქვეყნის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში უკრაინაა ჩართული და პროტესტის ყოველი მესამე მონაწილე, უკრაინელია.
“ეს საპროტესტო აქციები არ არის 100%-ით ორგანიზებული ოპოზიციის მიერ, მას ატარებენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, “მშვიდობა უკრაინას“, რომელიც პირადად უკავშირდება „პროგრესულ სლოვაკეთს“. ჩვენ გვყავს ინსტრუქტორების ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ზუსტად ატრენინგებენ (პროტესტანტებს)“, – განაცხადა ფიცომ.
გარდა ამისა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობენ მისი მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
“უკრაინული ტელევიზია მიდის მიტინგებზე, სადაც მონაწილეთა მესამედი უკრაინელები არიან, რომლებიც ყვირიან სლოვაკეთის მთავრობის წინააღმდეგ. მე არ მესმის, რა უნდა იყვირონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობის მისამართით”, – განაცხადა ფიცომ.
ფიცოს ასევე არ მოეწონა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების მხარდასაჭერად.
გუშინ სლოვაკეთში, კერძოდ კი ბრატისლავაში, ფიცოს ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც სლოვაკური მედია წერს, საპროტესტო აქციები “მშვიდობა უკრაინას“ ინიციატივით და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით გაიმართა.
საპროტესტო აქციები სლოვაკეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ფიცომ, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელების მცდელობისას, მოსკოვში პუტინს ესტუმრა და დაემუქრა უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობით.
სლოვაკეთის საპროტესტო აქციებზე რეაგირებისას ზელენსკიმ სოციალურ ქსელში სლოვაკი ოპოზიციონერის განცხადება გააზიარა და დაწერა: “ბრატისლავა არ არის მოსკოვი, სლოვაკეთი ევროპაა“.