“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ.
“ახალი პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ვებგვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.
ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
პოლიტიკური გაერთიანება კონსერვატიული მოძრაობა 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანება პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ დააფუძნა.
კონსერვატიული მოძრაობის თავჯდომარეა ალტ-ინფოს სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძე, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. კონსერვატიული მოძრაობა გამოირჩევა პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილებით.
ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს. ჰოსტის ლოკაციის მიხედვით პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ინახება.
საინტერესოა, ასევე ის ფაქტიც რომ 14 მარტს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ კონსერვატიული მოძრაობის დელეგაცია გეგმავს რუსეთში წასვლას და პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკების გამართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.