ფოთში, მესამე დღეა, სტიქია გრძელდება. გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, – ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
“ამ დროის მონაცემებით, ნაბადას უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა.
ცენტრის უბანში დაზარალებულია – 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.
შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა.
მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.