რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში კომპრომისი შეუძლებელია ბრძოლის ველზე გამარჯვების გარეშე, რადგან ასეთია რუსების უმრავლესობის მენტალიტეტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან კომენტარი გააკეთა რუსეთში არსებულ ვითარებაზე, სადაც ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით იშლება კომუნალური ქსელები, ადგილობრივი მოსახლეობა იყინება გათბობის გარეშე, ქათმის კვერცხები ქრება რეგიონებში და ა.შ.
პოდოლიაკის თქმით, ასეთი კატაკლიზმების ფონზეც კი, აზრი არ აქვს პუტინის “ნეიტრალიზაციაზე” ლაპარაკს – საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ არიან მიჩვეულები, არ არიან ადაპტირებული კომფორტზე.
“მათ არ აინტერესებთ: ბოტულიზმით არის კვერცხი თუ არა, გათბობა აქვთ თუ არა, არაფერ შუაშია… ანუ ისინი მზად არიან იცხოვრონ ყველაზე დამცირებულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ორმოებში, მაგრამ ამავე დროს ყვირიან, რომ ახლა “ვინმეს დააჩოქებენ“. სანამ ისინი გრძნობენ ამ მითის არსებობას, იცხოვრებენ ამ ორმოში”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ცვლილებები მოხდება მაშინ, როცა აგრესორი სახელმწიფოს მოსახლეობის უმრავლესობის გონებაში რუსეთის ფედერაციის ყოვლისშემძლეობის მითი დაინგრევა, მაგრამ ამის გაცნობიერებას ისინი მხოლოდ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების შემდეგ შეძლებენ.
პოდოლიაკის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა გაიგონ: რუსეთის ფედერაციაში არსებული ყველა შიდა უბედურება არ შეცვლის ამ ქვეყნის მენტალიტეტს. იქნება ეს საკვების ნაკლებობა, უსახსრობა, კომუნალური პრობლემები, გარე სამყაროსგან იზოლაცია თუ იძულებითი მობილიზაცია.
როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ კრემლი მოახერხებს თავისთვის ვაჭრობას, რომ ომი არ წააგოს, მთელი “ურდო აღფრთოვანებული იყვირებს“ და მოუწოდებს პუტინს, გააგრძელოს თავდასხმები უკრაინაზე ან სხვა ქვეყანაში.
მისივე თქმით, ყველა დასავლელ პარტნიორს ჯერ არ ესმის, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში კომპრომისი არ არის.
“რადგან ეს ნიშნავს დაუმთავრებელ ომს, რომელიც მხოლოდ ომის მასშტაბებს მოჰყვება. იმიტომ რომ რუსეთი არ შეიცვლება – მანიაკი, რომელიც დემონსტრაციულად კლავს, არ გახდება კანონმორჩილი. პირიქით: დაუსჯელი გააძლიერებს თავის დანაშაულებს, რადგან მათგან სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.