უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკელ ბიზნესმენს და SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს პასუხობს, რომელმაც ღირსების რევოლუციას “გადატრიალება“ უწოდა.
“ეს არჩევნები შეიძლება საეჭვო იყო, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გადატრიალება ნამდვილად მოხდა“, – დაწერა მასკმა “ტვიტერზე”.
მასკის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.
“თავისუფალი საზოგადოებები გავლენას ახდენენ სახელმწიფოებზე დიალოგის/არჩევნების გზით. დამონებული საზოგადოებები გამოდიან ქუჩებში რეპრესიული სახელმწიფოებისგან თავის დასაღწევად. ეს არის თავისუფლების საფუძველი, ილონ მასკ. უკრაინაში გადატრიალება არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის იყო თავისუფალი ხალხი. შეწყვიტეთ რუსული გაზეთების კითხვა“, – წერს პოდოლიაკი.
გასული წლის შემოდგომაზე ილონ მასკმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და შესთავაზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი “რეფერენდუმის“ ჩატარება.