spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიტიკური შეწყალებების ანატომია – რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეხუთე მესამესთან დაკავშირებით?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ  სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით BBC-სთან გაკეთებულმა განცხადებამ პატიმრობაში  მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნის ახალი ტალღა ააგორა. საქართველოში უკვე კარგად იციან,  რომ პრეზიდენტის საგარეო განცხადებები და რეალური ქმედებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ექსპრეზიდენტის გულშემატკივრები ამ „ხავსს მოეჭიდნენ“ და სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ.

წინა მცდელობისაგან განსხვავებით, როდესაც პრეზიდენტის პასუხი „არა და არასდროს“ იყო, ამჯერად განსხვავებული ვითარებაა, რადგან როგორც მედიკოსები და მიხეილ სააკაშვილის ახლობლები ამტკიცებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დაუყოვნებლივ საჭიროებს უცხოეთში დიაგნოსტიკის და შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით გადაყვანას. რამდენად იმედისმომცემი შეიძლება იყოს პრეზიდენტის ბილოდროინდელი განცხადებები და რამდენად  შესაძლებელია მან მართლაც დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის პატიმრობის ეპოპეა, ამისათვის „პოლიტიკური შეწყალების“ წინა  ფაქტებს  გადავხედოთ.

ვინ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა და რატომ, რა გამოივაჭრა ამით ბიძინა ივანიშვილმა?

2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

2021 წლის 27 აპრილი – სალომე ზურაბიშვილმა  შეიწყალა „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა.

2022 წელს ზურაბიშვილს  კვლავ მიმართავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით.

გავიხსენოთ, რა წინაპირობები უძღვოდა წინა შემთხვევებში პოლიტპატიმრების შეწყალებას.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი  2019 წლის 25 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ ცნობილი მოვლენების შემდეგ,  მრავალათასიანი აქციების ფონზე დააკავეს.  პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალი წაუყენა.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას,  2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ  დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 3 წლით აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავას ერთი წლით და სამი თვით უკვე მისჯილი და  სასჯელიც მოხდილი ჰქონდა.

ამასთან, 2019 წლის   20 ივნისის, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ  მრავალათასიან  აქციებს ბიძინა ივანიშვილისაგან პროპორორციული არჩევნების დაპირება მოყვა, რაც შემდეგ მაჟორიტების გამოგონილი ამბოხის შედეგად სრულად ვერ შედგა და 120/30 სისტემად დროებით სისტემად გადაიქცა.

შეთანხმება,  რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ფასილიტაციის შედეგად  შედგა – შემდეგში „8 მარტის შეთანხმებად“ წოდებული,  ითვალისწინებდა სწორედ  საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

შეთანხმებაში სიტყვა „პოლიტპატიმრები“ რა თქმა უნდა,  არ ეწერა.  2020 წლის 8 მარტს აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შეთანხმებას თან ახლდა  მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“.  შეთანხმების ეს ნაწილი, გულისხმობდა იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებსაც პოლიტპატიმრებს უწოდებდენ.

ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გაკეთებული განცხადებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  გადაწყვეტილება მისი პირადი სურვილიდან გამომდინარეობს და სხვისი თხოვნით, მოწოდების ან რეკომენდაციის საფუძველზე არავინ  შეუწყალებია. პრეზიდენტი ჯიუტად ამტკიცებდა,  რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და აცხადებდა, რომ ბნელი დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთო.

ძნელია, ამ სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანო, რადგან გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა პოლიტიკური სპექტრის ხანგრძლივი  საპროტესტო აქციები და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნები. ევროპარლამენტარები აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „8 მარტის შეთანხმება“ შეესრულებინა. “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ეს შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ. ამასთანავე,  ოპოზიცია არ თანხმდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობას, თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას  გათავისუფლების გარეშე  მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ხელისუფლება ჯერ კიდევ ცდილობდა  დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებას.

“არავის არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით ან სხვა მიზეზით. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. მითუმეტეს არ ვიწყალებ, ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა არ მიმიღია და არც ინფორმირებულები ვყოფილვართ.

პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე „უნდა“-თი არავინ არ უნდა საუბრობდეს.

მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი, პირდაპირ თუ ირიბად განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც შესაძლოა, ადამიანს საერთოდ შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს.

მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტის გამოცემისას.

მიუხედავად ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებისა, ციხეში რჩებოდა გიორგი რურუა.

ამასთან, 2020 წლის 18 ივლისს კვლავ „ცოცხლდება“ საქმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. ამჯერად ბუტა რობაქიძის საქმეზე.

ოქრუაშვილი  აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ  “საქმე ფორსირებულად მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ”.

ამასთან დაკავშირებით 18 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და  ხელისუფლებას მოუწოდებს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების მიზნით მნიშვნელოვანია პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა.

2020 წლის არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში  შესვლაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტმა რურუას შეწყალების ფაქტს ხელი იმ დღეს მოაწერა, როდესაც  ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ.

პოლიტპატიმრის გამოშვებით, რომელსაც წინ უძღვოდა შარლ მიშელის შეთანხმება და ოპოზიციის ხანგრძლივი ბოიკოტი, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია მიიღო.

ამჯერად პრეზიდენტი აღარ აცხადებს, რომ მან პატიმარი თავისი სურვილით შეიწყალა, აღნიშნავს, რომ მას მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა, რასაც თავად არ ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ პოსტში აქცევს პოლიტპატიმრის გათავისუფლების ფაქტსა და პარლამენტის თავმჯდომარისავის მუშაობის დაწყების მილოცვას, ესეც ადასტურებს, რომ ეს  პოლიტიკური გარიგების შედეგი იყო.

“მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – წერდა ზურაბიშვილი.

იმ დროისათვის ციხეში რჩებოდა ნიკა მელია, ვისი გათავისუფლებისათვის მიმდინარეობდა  კონსულტაციები ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე.

2021 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლებას უკვე ახალი და სრულიად განსხვავებული პოლიტიკური წონის პატიმარი ჰყავს. რაზე შეიძლება დათანხმდეს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 24 თებერვლის შემდეგ სრულად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და ხელისუფლებამ ის მოჩვენებითი დემოკრატიულობის და პროდასავლურობის იმიჯიც დაკარგა, რაც მანამდე ჰქონდა. თუ ადრე მასზე გავლენას ახდენდა დასავლელი პარტნიორების განცხადებები, დღეს მას ხელისუფლებამ ანტიდასავლური რიტორიკა დაუპირისპირა.დასავლეთის ზეწოლის მასშტაბებიც გაიზარდა და ამჯერად, უკვე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მუქარა შემოვიდა პოლიტიკურ არსენალში.

შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს და რა შეიძლება მიიღოს ამის სანაცვლოდ მმართველმა ძალამ – რა სჭირდება მას ყველაზე მეტად?

ქართული პოლიტიკის  ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს,  რომ ასეთ მძიმეწონიან ფიგურას, როგორიც სააკაშვილია,  ხელისუფლება ასე ადვილად არ დათმობს და მისი აზრით, დასანქცირებაზე მეტად ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვა აშინებს.

„ამ ტიპის კომპრომისები ხდება, ასე რომ ვთქვათ,  მეორე პლანის პოლიტიკოსებზე, მაგრამ სააკაშვილის თემა ბევრად უფრო მძიმეწონიანი თემაა. რა ფასად შეიძლება ეს საკითხი „გაყიდოს“ ხელისუფლებამ,   ძალიან ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ ამ ტიპის გარიგების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მხოლოდ ზეწოლის შედეგად არის შესაძლებელი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი Front News-თან.

ხუხაშვილის თქმით, თუ წინა შემთხვევაში  ხელისუფლებას დასავლეთის განცხადებებზე რეაგირება ჰქონდა, ახლა მას კონტრშეტევით პასუხობს.

“ადრე ხელისუფლება დასავლეთის განცხადებებზე რეაგირებდა, ახლა ხელისუფლება ჩადგა რაღაც პოზაში, რომ არანაირი კრიტიკა დასავლეთის მხრიდან არ მიიღოს. ხშირ შემთხვევაში,  უტიფარი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით პასუხობს. დღეს ამ ურთიერთობაში ცივილიზებულობის ნიშანწყალიც კი არ არსებობს. იმდენად რთულ ფაზაში  შევიდა ეს ყველაფერი,  რომ დიალოგი ვერც კი წარმომიდგენია“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოს გზაზე მითითებას, ხუხაშვილს ეს უპერსპექტივო გზად მიაჩნია.

“სასამართლო, რომლის რეპუტაციაც ნულს ქვემოთაა, მისგან რას უნდა ელოდო? თუ ის თვლის,  რომ ეს არის ღირსების საკითხი, მაშინ თვითონ შეიწყალოს. რეალურად,  მას არცერთი გადაწყვტილება დამოუკიდებლად არ მიუღია“, – აცხადებს ხუხაშვილი.

განსხვავებით შეწყალების წინა შემთხვევებისა,  ამჯერად ჩვენ ვერ ვხედავთ კოორდინირებულად მოქმედ ოპოზიციას და  ქუჩაში გამოსულ ადამიანებს.

მოძრაობა „საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ნებით არაფერს დათმობს.

„მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებით სხვა რეალობაა, მას ბიძინა ივანიშვილი აღიქვამს, როგორც მთავარ კონკურენტს და მთავარ საფრთხეს, ამდენად, ამ გადაწყვეტილებას, რაც უნდა ილაპარაკოს, ე.წ. პრეზიდენტმა, ის არანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებს, ყველა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი.

დღეს არის სხვა რეალობა, ოპოზიციის აქტივობა ნაკლებია იმ კუთხით, რომ ნაკლებას აწუხებს რეჟიმს ხოლო მეორეს მხრივ, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აქვს მკვერთად გამოხატული ხაზი, მათ უნდათ საქართველო გადაიქცეს რუსეთის გუბერნიად, ამას ადასტურებს ყველა უგულებელყოფილი საერთაშორისო რეზოლუცია და რეკომენდაცია.  პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ისეთი კაცისგან, რომელიც არის რუსი ოლიგარქი და თანამშრომლობს ტერორისტულ სახელმწიფოსთან – რუსეთთან. არ უნდა გვქონდეს არანაირი პოზიტიური მოლოდინი. ის თავისი კეთილი ნებით, მათ შორის არც დასავლეთის თხოვნით, არაფერს დათმობს, თუ ქართველი ხალხი მას არ დაათმობინებს და არ აიძულებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში და განთავისუფლდნენ სხვა პოლიტპატიმრები“, – განაცხადა მუმლაძემ Front News-თან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტივობა.

“აქ ის კომფორტულად გრძნობს თავს. ის პირები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წინაჯერზე შეიწყალა არც ერთი ის პირები არ წარმოადგენდნენ პოლიტიკურ საფრთხეს, ხოლო მიხეილ საკაშვილის ფაქტორი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილისათვის საფრთხეს, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების დაკარგვას, ამდენად ისინი ამ ნაბიჯს თავიანთი ნებით არ გადადგამენ“, – განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ რთულია, ეს არის საკმარისი პირობა,  რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

“მე არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, თუ გინდა, რომ ადამიანი ფიზიკურად გადარჩეს, ეს უნდა გააკეთო, მაშინ როდესაც ეს ვითარება გაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ზეწოლასთან დაკავშირებით და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ის რომ სასამართლოს დაველოდები, ეს არის კლასიკური დროის გაწელვის შემთხვევა“, – განაცხადა მუმლაძემ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის რეზოლუციებმა და განცხადებებმა, შესაძლოა, შედეგი გამოიღოს და ხელისუფლებამ პოლიტპატიმრებზე უარი თქვას.  მისი აზრით, იმის საპირისპიროდ,  რომ შეიცვალა ქვეყანაში არსებული ვითარება და  ოპოზიცია აღარ არის ისეთი თანმიმდევრული და არც დისკომფორტის შემცველი ხელისუფლებისთვის, სამაგიეროდ, სალომე ზურაბიშვილი დასცილდა უფრო მეტად „ქართულ ოცნებას“.

“საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია არიან პოლიტიკური პატიმრები. პრეზიდენტის მხრიდან მათი შეწყალების შესახებ ორი შესაძლო სცენარი შეიძლება განვიხილოთ: პესიმისტური სცენარი, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩება საკუთარი სიყტყვების ერთგული, რომ ის არასდროს არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, არის მეორე, უფრო ოპტიმისტური ვერსიაც, როდესაც  მან განაცხადა, როდესაც მან განაცხადა, რომ არ შეიწყალებდა სააკაშვილს,  მაშინ მას ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდა „ქართულ ოცნებათან“, ამასთან იზრდება ზეწოლა დასავლეთისგანაც,  ამიტომ ოპოტიმისტური სცენარის გათვალისწინებით, არის შესაძლებლობა,  რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ჩიტაძემ Front News-თან საუბრისას.

განსხვავებული ვითარება, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევას ახლავს, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გამო საქმეს აქვს ჰუმანიტარული შემადგენელი, საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეს განსხვავებულ ვითარებას ქმნის.

ხელისუფლებას სწორედ ამის შესახებ მიუთითებს საზოგადოებრივი სექტორი, რომ ამჯერად სხვა ვითარებაა და აქ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული ფაქტორი, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მსჯელობისას  იხელმძღვანელოს  ჰუმანიტარული მოსაზრებით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ამ გარემოებას, ეს ბევრ რამეზე,  მათ შორის,  მთავარი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით განვითარებულ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.

ირინა მაკარიძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები