პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფის გახშირებული ფაქტების შესახებ ისაუბრა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაუსვა კითხვა, როდის იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული, რომ პოლიციელთა შეურაცხყოფის უფლება აღარ ჰქონდეს არავის განურჩევლად პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნისა.
“ყველა პოლიციელი არის გმირი” – აღნიშნა დეპუტატმა.
“პოლიცია არის ქართული სამართლის სახე და კანონის სახე. ჩვენ ხშირად ვუყურებთ მავანი და მავანი, ვისაც არ ეზარება, საშუალება ეძლევა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენოს.
როდის იქნება კანონმდებლობაში ჩადებული ის, რომ არავის, განურჩევლად პოლიტიკური ნიშნისა, ან სხვა ნებისმიერი ნიშნისა ამის უფლება არ ექნება, რომ რიგით პოლიციელს მიაყენოს შეურაცხყოფა.
მე ვთვლი, რომ ყველა პოლიციელი არის გმირი, დაწყებული პირველი პოლიციელიდან დამთავრებული რიგით პოლიციელამდე, რომელიც გადის ზღვარზე – ვალდებული ვარ ქვეყნის წინაშე და საკუთარ თავმოყვარეობას უკან სწევს”, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.