შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.
შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტადონის“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული დ.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ჯ.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები “მეტადონი“ და “მარიხუანა“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.