პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში აფეთქებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაბომბვის შედეგად მოხდა – დადასტურდა, რომ რაკეტა რუსული იყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩს განმარტებებისთვის იბარებს, – ინფორმაციას RP.pl. ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა ვარშავაში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი და მოითხოვა „დაუყოვნებლივ გაკეთდეს დეტალური ახსნა“ პოლონეთში “რუსული წარმოების რაკეტის“ ჩამოგდების შესახებ.
“2022 წლის 15 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ უკრაინის მთელი ტერიტორიისა და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვა დაფიქსირდა მრავალი საათის განმავლობაში. 15:40 საათზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა სოფელ პრჟევოდოვში, დაიღუპა პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ლუკას იასინას განცხადებაში.
ეს არის პოლონეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რუსულია.
იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ზბიგნევ ზიობრომ განაცხადა, რომ მან დაავალა ეროვნულ პროკურატურას პირადად აკონტროლოს აფეთქებისა და პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის გამოძიება. მან აღნიშნა, რომ პროკურორების ჯგუფი, მათ კონტროლის ქვეშ მყოფ სამსახურებთან და ექსპერტებთან ერთად, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.