პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, ოფიციალური ვარშავა აშშ-ს მიმართავს თხოვნით, მიაწოდოს ვარშავას გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი საექსპლუატაციო შესაძლებლობებით. პოლონეთის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს აღნიშნული თვითმფრინავების შესყიდვის პირობები.
“პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მოგვაწოდოს მეორადი თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც MIG-29 აქვთ, იმავე პრინციპით იმოქმედონ “, – აღნიშნულია განცხადებაში.