უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და პოლონეთი და ლიეტუვა ამ მიზანს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომლებიც კიევში ვიზიტით იმყოფებიან.
“ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ასევე უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის მიმართაც.
ამასთან, ანდჟეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმეს და აღნიშნეს, რომ უკრაინას შეუძლია, პოლონეთის და ლიეტუვის იმედი ჰქონდეს.