პოლონეთში პოლიციის უფროსისთვის განკუთვნილი საჩუქარი აფეთქდა, რომელიც მას უკრაინის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელმა გადასცა, – ინფორმაციას პოლონეთის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აფეთქება პოლიციის უფროსის კაბინეტთან ახლოს ოთახში მოხდა.
“საჩუქარი მან უკრაინაში 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტის დროს მიიღო, სადაც ის უკრაინის პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. ეს იყო უკრაინის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის საჩუქარი. აფეთქების შედეგად მეთაური მსუბუქად დაშავდა და გუშინდელი დღიდან საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე, მსუბუქი დაზიანებები მიიღო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა, რომელიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“ჩვენ ვნახეთ ეს ინფორმაცია. ვიკვლევთ დეტალებს”, – განაცხადეს უწყებაში.