პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 50 000 ათასი ლარი შეუფარდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.