რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ნატოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურისა და ბუნდესვერის ახალ ანგარიშშია საუბარი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პუტინი დასავლეთთან ურთიერთობას განიხილავს, როგორც სისტემურ კონფლიქტს და მზად არის გამოიყენოს ძალა თავისი მიზნების მისაღწევად.
ამავდროულად, ლიეტუვის სპეცსამსახურის VSD-ის შეფასებით, კრემლს ჯერ არ აქვს მთელ ალიანსზე შეტევის შესაძლებლობა, თუმცა, რუსებმა შესაძლოა, “ნატო გამოცადონ” მცირე სამხედრო ოპერაციით ბლოკის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ და ამით გაარკვიონ, რამდენად სერიოზულად მიიღებს კავშირი თავის ვალდებულებებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსული ჯარების კონცენტრაციის მიუხედავად, რუსეთის საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში რჩება და შემდეგ, როდესაც ომი უკრაინაში დასრულდება, რუსული ქვედანაყოფები შეიძლება სწრაფად გადანაწილდნენ ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან.
ასევე, აღნიშნულია, რომ “რუსული დანაკარგები ივსება“ და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრია იმაზე მეტს აწარმოებს, ვიდრე საჭიროა მიმდინარე კონფლიქტისთვის.
ამჟამად რუსეთის ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება და 2025 წელს დაახლოებით 120 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე მეტია. 2021 წელთან შედარებით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი ფაქტობრივად ოთხჯერ გაიზარდა. კრემლის გეგმების მიხედვით, არმიის მოცულობა 1,5 მილიონ ადამიანამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ნატოს საზღვარზე შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოცულობა 30-50%-ით უნდა გაიზარდოს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლს და ნატოს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება. რუსეთის ხელისუფლება პერიოდულად ემუქრება ალიანსის ქვეყნებს და ამ მიზნით იყენებს ბირთვულ რიტორიკას და საჩვენებელ სამხედრო წვრთნებს ნატოს საზღვრებთან.
ამის მიუხედავად დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. კერძოდ, ისინი აწვდიან იარაღს და აძლიერებენ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
გასულ წელს ესტონეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება ახალი სამხედრო კონფლიქტისთვის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შეტაკებას ნატოსთან. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბორის პისტორიუსმა ასევე აღიარა რუსეთსა და ნატოს შორის ომის შესაძლებლობა და მოუწოდა მოკავშირეებს, მოემზადონ პოტენციური საფრთხეებისთვის.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, კიდევ ერთი შეტევა განახორციელოს. მისი აზრით, ლიეტუვას მოსამზადებლად ოთხიდან ხუთ წლამდე აქვს.