რუსეთი ყირიმის ხიდზე აფეთქებას “ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“როგორც ახლახან მომახსენეს, ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ავტორები, დამკვეთები, შემსრულებლები არიან უკრაინის სპეცსამსახურები”, – განაცხადა პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრისას.
ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა, რასაც ხანძარი და ჩამონგრევა მოჰყვა.
ხიდი პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ის რუსების მიერ აშენებული ყველაზე გრძელი ხიდი და დროებით ოკუპირებული ყირიმის ანექსიის მცდელობის სიმბოლო გახდა.
აქამდე რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხიდი ძალიან კარგად არის დაცული და მისი დანგრევა შეუძლებელია. განსაკუთრებით ხშირად ასეთი პროპაგანდისტული განცხადებების გაჟღერება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინელი ოფიციალური პირები მიანიშნებდნენ, რომ ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე იყო.