რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერით ანდრეი ბელოუსოვით ცვლის.
დღესვე პუტინმა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა სერგეი შოიგუ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. სხვა განკარგულებით, პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ნიკოლაი პატრუშევი.
როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ბელოუსოვის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე განპირობებულია იმით, რომ ეს დეპარტამენტი აბსოლუტურად ღია უნდა იყოს ინოვაციებისთვის, ყველა მოწინავე იდეის დანერგვისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის პირობების შესაქმნელად.
პესკოვმა ასევე განმარტა, რომ სერგეი შოიგუ, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი, ერთდროულად იქნება სახელმწიფოს მეთაურის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში. გარდა ამისა, ის გააკონტროლებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის საქმიანობას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, შოიგუ გააგრძელებს მუშაობას იმ სფეროში, რომელსაც შიგნიდან იცნობს. რაც შეეხება პატრუშევს, მის ახალ პოზიციას კრემლი მოგვიანებით გამოაცხადებს.
ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ამ პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.