“ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანაწარმდგენი კი დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, საკანონმდებლო მაცნეში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.
აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, “ქართული ოცნების” მთავრობაზე.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა.