spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ქართული ოცნების” დეპუტატები გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან

"ქართული ოცნების" დეპუტატები გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაც მეტი პარტია იქნება ქვეყანაში, მით უკეთესია, რადგან საქართველოს დემოკრატიული მოდელი აქვს.

ამასთან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გახარიას პარტია დესტრუქციული არ იქნება. 

"მე ვფიქრობ, რომ გახარიასნაირი ადამიანი პოლიტიკაში უნდა იყოს", – აღნიშნა ქეთი დუმბაძემ. 

"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არიან სხვადასხვა პარტიები და ახალ პარტიებსაც მიესალმება დემოკრატიული სამყარო. ამაში მე ახალს და განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. რაზე ალაპარაკდება ბატონი გიორგი გახარია, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ 10 წუთის წინ გავიგე ეს ამბავი", – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

"ნებისმიერ იმ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც სურს პოლიტიკაში მიიღოს მონაწილება, სიამოვნებით შევხვდებით რა თქმა უნდა, თუკი ეს იქნება მისი პირადი გადაწყვეტილება. "ოცნებისთვის" კონკურენტი არის ის გამოწვევები, რაც ქვეყანაშია, მეტი სხვა არავინ", – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. 

"ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს, თქვენც, მეც, ყველას აქვს უფლება შექმნას პარტია, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. ასე რომ, პირიქით, მივესალმები. პირადად ჩემთვის, მისასალმებელია რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად"-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

"ნამდვილად არ მაქვს შესაძლებლობა, იმ გეგმების თაობაზე ვისაუბრო, რომელიც ბატონ გიორგი გახარიას შეიძლება ჰქონდეს და რომლის თაობაზეც ჩემთვის არაფერია ცნობილი"-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

"სასურველია რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს. ვიცნობ ბატონ გახარიას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დესტრუქციული ნამდვილად არ იქნება"-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. 

დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები