ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობას აღარ გააგრძელებენ.
დეკანოიძის განმარტებით, პარტია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას, ამასთან, საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრაში.
“ჩვენ დღეს, პარლამენტის დარბაზში ვიხილეთ ზუსტად ისეთივე ძალადობის გაგრძელება, როგორიც ხდება ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ძალადობა, რომლის მთავარი ორგანიზატორი, მთავარი წამქეზებელი და გამტარებელი არის საქართველოს ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი უმრავლესობიდან, რომლებიც ახლა, ამ დარბაზში არიან. მაშინ, როდესაც უმრავლესობამ, გავრილოვს არაფერი უთხრა, ამ ტრიბუნაზე იჯდა და მიმართავდა საქართველოს მოსახელეობას, დღეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ძალით გამოაძევეს საპარლამენტო დარბაზიდან. დიახ, ჩვენ გვქონდა დაბლოკილი ტრიბუნა, იმისთვის, რომ ეს სხდომა არ ჩატარებულიყო, რომ ძალადობა, მკვლელობა, რომელიც ჩაიდინეს, ყოფილიყო გამოძიებული და საქართველოს ხელისუფლებას, ღარიბაშვილთან ერთად დაეტოვებინა ხელისუფლება. ამის გადასაფარავად დღეს მუშტიკრივი მოაწყვეს იმ ორკებმა, მოძალადე ჯგუფებმა, რომლებიც ახლა არიან პარლამენტში. ეს ადამიანები არიან რუსეთის მხარეს.
ამიტომ, ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” რა თქმა უნდა, იმ რუტინილ პროცესში, რომელსაც ქვია ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა, რომ პასუხი მოსთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა”-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.