spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტივობა, სახელმწიფოს უნდა დავანახოთ, რომ ირაკლი ბებუა არ არის მარტო”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრის თამუნა ბებუას თქმით, ხვალ დაგეგმილი აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ირაკლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა დაინახოს.

 

ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის სურვილი არ აქვს.

 

“ამ აქციის ორგანიზებაში თავად ვარ ჩართული. ამ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტივობა იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა დავანახოთ, რომ ირაკლი არ არის მარტო. ამის გარეშე რეალურად, სახელმწიფოს არ უნდა და არ სურს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ხალხი უნდა დაუდგეს ირაკლის გვერდით, რომ დავანახოთ ჩვენი გასაჭირი ერთად…

 

არც ერთ მაღალჩინოსანი ჩვენამდე არ მოსულა და არ გამოუთქვამს მხარდაჭერა, რამეთუ განცხადება გაეკეთებინათ ირაკლის შესახებ. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობა ოჯახისთვის გასაკვირი არ არის. ამიტომ, არც ველოდებით მათგან რაიმე განცხადების გაკეთებას. ბერკეტები არსებობს ბევრი, თუნდაც საერთაშორისო პლატფორმები, მოლაპარაკებები, თუმცა ვფიქრობ, რომ აქ ბერკეტებში არაა საქმე, სურვილთან გვაქვს საქმე. საკმარისი სურვილი არ აქვს სახელმწიფოს, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი ირაკლის გასათავისუფლებლად”, – განაცხადა ბებუამ “ფორმულას” ეთერში.

 

თამუნა ბებუამ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ მისი ჯანმრთელობა შემოწმდა და დადასტურდა, რომ ქრონიკული დაავადებები აქვს და მდგომარეობა გართულებულია.

 

19 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

 

ხვალ, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

 

ირაკლი ბებუა “აფხაზური დროშის” დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა.

 

ბებუას “ბრალი” 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.

 

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები