spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს, მუშაობს თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინები და რამდენად საშიშია სხვა ვარიანტებთან შედარებით – ყველაფერი “ომიკრონის“ შესახებ

კორონავირუსის ახალი ვარიანტი  B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა სახელი – „ომიკრონი“, პირველად 11 ნოემბერს ბოტსვანაში აღმოაჩინეს. 

 

სულ მალე, B.1.1.529 სამხრეთ აფრიკაშიც დაფიქსირდა – უმეტესად, გაუტენგის პროვინციაში, სადაც იოჰანესბურგი და პრეტორია მდებარეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაუტენგში შემთხვევების 90 პროცენტი ახლა B.1.1.529 უნდა იყოს, „ომიკრონი“, სავარაუდოდ, დანარჩენ 8 პროვინციაშიც არის გავრცელებული. 

 

ამ დროისთვის კი, უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ახალი შტამი ევროპის არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში… „ომიკრონი“ დაუდგინდა სამხრეთ აფრიკიდან ჰონგ-კონგში ჩასულ მგზავრს,  შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელშიც. 
რამდენად საშიშია ახალი ვარიანტი

 

მკვლევრები შტამით შეშფოთებულნი არიან, რადგან, მათი თქმით, ვარიანტი კორონავირუსის ძალიან ბევრი მუტაციის მატარებელია. მათ ვირუსის ე.წ. წვეტის ცილაში 32 მუტაცია აღმოაჩინეს. შედარებისთვის – „დელტაში“ 8 მუტაციაა. 

 

მართალია, მუტაციების რაოდენობა „წვეტის“ ცილაში არ არის ზუსტად განმსაზღვრელი, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ვარიანტი, თუმცა იძლევა ვარაუდს, რომ ადამიანის იმუნური სისტემისთვის ახალ შტამთან ბრძოლა შესაძლოა, უფრო რთული იყოს. არსებობს საშიშროება, რომ „ომიკრონმა“ გვერდი აუაროს იმუნურ პასუხს, რაც ადამიანებს დიდი რისკის წინაშე აყენებს. 

 

ვენის მოლეკულური ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგი ულრიხ ელინგი „დოიჩე ველესთან“ ამბობს, რომ, წინასწარი ვარაუდით, ახალი შტამი, „დელტასთან“ შედარებით, შესაძლოა, 500 პროცენტით მეტად გადამდები იყოს. არ არის გამორიცხული, დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობდეს, თუმცა შტამი უფრო სწრაფად გავრცელდება და ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორებს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს. 

 

რას ამბობს ვარიანტთან დაკავშირებით ჯანმო

 

ამჟამად მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენად მაღალია ახალი შტამის ვირულენტობა. რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკამ ჯანმოს სასწრაფოდ შეკრებისკენ მოუწოდა, ახალი ვარიანტის განსახილველად. 

 

შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შტამს შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მიანიჭა. რა სიმპტომები აქვს „ომიკრონს“

 

სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც კოვიდდადებითი ადამიანების უჩვეულო სიმპტომები პირველმა შენიშნა და ახალ შტამზე იეჭვა, ამბობს, რომ მის პაციენტებს დაღლილობის ძლიერი შეგრძნება, ტემპერატურა, თავისა და სხეულის ტკივილი ჰქონდათ. ანჯელიკ კუტზეს თქმით, მისი პაციენტი იყო „ომიკრონით“ დაავადებული 6 წლის ბავშვიც, რომელსაც პულსი ძალიან ჰქონდა აჩქარებული, თუმცა ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. ექიმი ამბობს, რომ დაავადებულთა უმეტესობა, რომლებმაც მას მიმართეს, ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო, არ დაუკარგავთ სუნი და გემო, მათი მდგომარეობა არ დამძიმებულა. თუმცა, კუტზეს თქმით, ასაკოვანი  ან თანმხლები დაავადებების მქონე აუცრელი პირებისთვის ვირუსი  შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. დაგვიცავს თუ არა ვაქცინა  „ომიკრონისგან“

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ვაქცინები, რომელთა ადმინისტრირებაც მიმდინარეობს, ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება, თუმცა ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს. 

 

CNN-ის ინფორმაციით, პარასკევს „მოდერნამ“ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში იქნება ცნობილი კვლევის შესახებ, რამდენად შეუძლია მათ ვაქცინას ვარიანტის ნეიტრალიზება. თუ ვაქცინა და „ბუსტერი“ საკმარისი არ იქნება შტამის წინააღმდეგ, „მოდერნაში” აცხადებენ, რომ მოსახლეობას უფრო დიდი დოზის „ბუსტერი“ უნდა გაუკეთონ. 

 

„ომიკრონის“ წინააღმდეგ დაცვის ხარისხს აფასებს „ასტრაზენეკაც”. კომპანია კვლევებს ბოტსვანასა და ესვატინიში ატარებს. „ასტრაზენეკა”,  ასევე, ცდის ანტისხეულებით (AZD7442) მკურნალობას ვარიანტის წინააღმდეგ. კომპანიამ აშშ-ის მარეგულირებელს ოქტომბერში უკვე მიმართა, მედიკამენტს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცეს. 

 

ვაქცინის ეფექტიანობას იკვლევენ „ფაიზერშიც” – კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაში ეცოდინებათ, რამდენად იცავს ადამიანს „ფაიზერის” ვაქცინა. 

 

შესაბამის კვლევებს აწარმოებს „ჯონსონიც”.

 

არის თუ არა  საქართველოში „ომიკრონის“ გავრცელების რისკი

 

იქიდან გამომდინარე, რომ შტამი უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, არის საშიშროება, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ჩვენს ქვეყანაშიც გამოჩნდეს. საქართველოში „ომიკრონის“ წინააღმდეგ ახალი პროტოკოლების შესწავლა დაიწყეს, სპეციალისტები კი მოსახლეობას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ ვაქცინა და „ბუსტერ დოზები“. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები