ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ზღვარზე ვართ, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა საკმაო რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ პარლამენტმა და პრემიერმა არ უნდა დააკმაყოფილოს მისი გადაწყვეტილება, პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მათ მიერ დანიშნული კაბინეტის და მინისტრების ქმედებებზე და ეკატერინე ტიკარაძეს უნდა დაევალოს თანამდებობაზე დარჩენა, – ამის შესახებ Front News-ს ენდოკრინოლოგიის პროფესორმა, დიაბეტის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელმა რამაზ ყურაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ წარმატებით გაართვა თავი ვირუსის მართვას და ის თანამდებობაზე უნდა დარჩეს.
“ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ზღვარზე ვართ, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა საკმაო რისკებთან არის დაკაშირებული. ქალბატონმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, შეიძლება ითქვას, წარმატებით გაართვა თავი სრულიად უცნობი ვირუსის მართვას, მას აქვს გამოცდილება, საჭირო კავშირები, პირადი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან, მაღალი ავტორიტეტი აქვს სამედიცინო წრეებში, ახასიათებს სწრაფი რეაგირება, სიტუაციის ამოცნობის ადეკვატურობა და სამედიცინო სფერო როგორც ლიდერს, მიყვება ამ ბრძოლაში.
ამ ვითარებაში კი ლიდერის ცვლილება დაბნეულობას გამოიწვევს, ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ახლა ამის დრო ნამდვილად არ აქვს. ვფიქრობ, მინიმუმ, ერთი წლით ეკატერინე ტიკარაძე უნდა დარჩეს თანამდებობაზე. ასეთ მდგომარეობაში ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება და განცხადება, რომ დატოვებს თანამდებობას, ჩემთვის, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლისთვის, არ არის არც გასაგები და არც მისაღები. პრემიერ-მინისტრმა არ უნდა მოაწეროს ხელი მის გათავისუფლებას, პირიქით, მთავრობამ, პარლამენტმა და პარტიულმა ლიდერებმა უნდა დაავალონ მას, რომ დარჩეს და გააგრძელოს მუშაობა” , – განაცხადა ყურაშვილმა.
ვირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და სპეციალისტები ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალ მაჩვენებლებს პროგნოზირებენ. საქართველოში „ომიკრონის“ რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ.