ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო რთულდება და ჩიხში შედის. “ქართულმა ოცნებამ“ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, “კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ძლიერი საქართველოს“ 49 წევრს დეპუტატის მანდატი ჩამოართვა.
პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს. მაშ რა საშუალება რჩება ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობისთვის და გადადის თუ არა ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაში?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე Front News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა.
– ხელისუფლებამ 49 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები გაუუქმა და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა დაკარგეს და დარჩნენ ქუჩის ამარა. ქუჩაში როგორ განვითარდა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” სიტუაცია ვნახეთ. რა პოლიტიკურ რეალობას ვიღებთ და პროცესების რა განვითარებას ელით?
– გვინდა თუ არა ყველაფერი მაინც აშშ-ში მიმდინარე პროცესებს უნდა დავუკავშიროთ და აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ რაც ტრამპმა ოფიციალურად მოქმედება დაიწყო, ნათელი გახდა, რომ ხშირად ამერიკული ფული სხვა ქვეყნების პოლიტიკის ისეთ კორექციაში იხარჯებოდა, რომელიც ამერიკას თურმე საერთოდ არ სჭირდება. სჭირდებოდა მხოლოდ ამერიკელთა იმ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაში იყვნენ. ფაქტია, რომ ეს დაფინანსება საქართველოშიც შემოდიოდა და ამას არც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უარყოფს. ფაქტია, რომ ევროპელი დემოკრატებიც და ამერიკელებიც, უკვე ბოლო პერიოდია აღარც კი მალავდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო.
ასეთი პოლიტიკური შეტევა არც გვახსენდება. ისიც იყო ნათქვამი, რომ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია “ყვაოდა”, ხოლო მას შემდეგ დემოკრატიამ უკანსვლა დაიწყო. ე.ი. პრინციპში მათი პრეტენზიები ეხება “ოცნების” ხელისუფლებას და მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება კარგი იყო. ამიტომ მაგ ვაბანკზე წავიდა ოპოზიცია ახლა და ვნახეთ რა სიტუაციაშიც ჩავარდა. დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხი არ გამოდის. კი ბატონო გამოდიან გულანთებული ახალგაზრდები, აქვთ პროტესტი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ოპოზიციას არ ჰყავს მხარდამჭერთა ის რაოდენობა, რომ ქუჩის აქციებით ხელისუფლება შეცვალოს. ეს ვერ გაიგეს ამ ხნის მანძილზე.
– ანუ ფიქრობთ, რომ ახლა ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას არც პოლიტიკური და არც ფინანსური მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ? ფიქრობთ, რომ მათი მოკავშირეები დასავლეთში ჰყავთ მხოლოდ, რომელიც შესაძლოა, ასევე ტრამპის მოსვლის შემდეგ დაკარგონ? ამ მოცემულობით რის მიღწევას შეძლებენ?
– ოპოზიციას პოლიტიკური რესურსი ექნებოდა მაშინ, თუკი ქუჩებს გაავსებდა და იმ ხალხს მაინც გამოიყვანდა გარეთ, ვინც არჩევნებზე ხმა მისცათ. თუმცა ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანასაც ვერ ახერხებს. ფინანსური რესურსი რჩება ჯერჯერობით ისევ სხვადასხვა წყაროებიდან და ამას იღებს იმის და მიხედვით, რევოლუციას რამდენად მოახერხებს. თუკი აქ არეულობა იქნება, მაშინ იგივე ჩინური შემოსავალი კავკასიაში შეფერხდება. აქ თუ გზები დაიკეტება და არეულობა წავა, ჩინეთი ტვირთის გადასატანად შემოდის და აქ თუ მყარი გარანტიები მშვიდობის არ იქნება, ფეხსაც არავინ შემოადგამს. ამიტომ აქ მხოლოდ შიდა პოლიტიკური დინებები არ მიდის. აქ საუბარია ისევ და ისევ გეოპოლიტიკურ თამაშზე, სადაც ოპოზიცია საკუთარი ინტერესების გამოდნობას ცდილობს. ჩინეთის შეჩერება აწყობს დასავლეთსაც და რუსეთსაც. არეულობაც ინტერესის საგანია. თუ ვინმეს აქ რამე აინტერესებს ისინი ფულსაც იხდიან. ამიტომ ოპოზიციისთვის სულ რომ ვერაფერი ქნას, რევოლუციის მცდელობაც შემოსავლიანი საქმეა. რა თქმა უნდა, გახსოვთ გიორგი გახარიას განცხადება, რომ 20 იანვრის შემდეგ გაჭირდება რაღაცებიო. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. ოპოზიცია ხალხის გამოყვანას ვეღარ ახერხებს და ბოლოს ისე იქნება, რომ მოკავშირეებს დასავლეთშიც დაკარგავენ. ევროპაზეც გადავა უკვე ეს სკეპტიციზმი და ოპოზიციას იქაც დაუწყებენ ეჭვის თვალით ყურებას, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან.
– თუმცა ოპოზიცია კვლავ ცდილობს ახლა ბრიუსელი დაარწმუნოს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება უნდა მოხდეს. უფრო მკაცრი სანქციებია საჭირო, ფიქრობთ ეს არ გამოუვა ოპოზიციას? ხოლო თუ გამოვიდა და ახალი სანქციების პაკეტი მიიღო ხელისუფლებამ, ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ რეალობას შეცვლის?
– ახლა ოპოზიცია ხედავს რომ ქვეყნის შიგნით არ გამოსდის არაფერი. ხალხიც არ ჰყვება, ამიტომ რაღაცა ხომ უნდა გააკეთოს. ხელისუფლებაზე ზეწოლა გარედან ხომ მაინც უნდა მოახდინოს. ხალხს აჩვენოს, რომ ის იზოლაციაში ექცევა. ამიტომ ახლა ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რაც ხელისუფლების საწინააღმდეგო იქნება, მით უკეთესი მათთვის, რადგან ეს საქმეში ჩაეთვლებათ. უკრაინელმა ჟურნალისტმა ხომ თქვა, რომ ამ ტექსტს, რომელიც გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს მიერ, ქართველი და უკრაინელი ოპოზიციონერები ერთად წერდნენ. ამიტომ რამდენი რადიკალური გადაწყვეტილებაც მიიღება დასავლეთიდან, იმაში მონაწილეობას ოპოზიცია მიიღებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც გულანთებულები პროტესტს გამოხატავენ ქალაქის სხვადასხვა ადგილას, იმათი ლოგიკა ჩემ ნათქვამს არ ექვემდებარება. მათთან ემოციები, განწყობებია მნიშვნელოვანი. ამიტომ მათ პოლიტიკური მერკანტივიზმი არ აქვთ. თუმცა ამ ახალგაზრდებს ხელისუფლებაში ხალხი ვერ მოიყვანს. ვინც ძვრება ამ გულწრფელი ჩვენი შვილების ხარჯზე, ეს ხალხი არ უნდათ. ეს პოლიტიკური სახეები ოპოზიციაში, მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელია.
– რა მოლოდინი შესაძლოა, ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობდეს, შეძლებს ოპოზიციის გაერთიანებას?
– ახლა ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილი სჭირდება იმისთვის, რომ მას დასავლეთში კონტაქტები აქვს. თუმცა ის უკვე ყოფილი პრეზიდენტია და ეს ჩანაწერი უცხოელებთანაც გაჩნდა. ამიტომ ყოფილი პრეზიდენტი აღარ არის ის ფიგურა, რომელიც ვინმეს ინტერესს უნდა უღვივებდეს. თანაც ზურაბიშვილი არ სარგებლობს ქვეყნის შიგნით, მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით და არ აქვს ისეთი გავლენა, როგორც თავის დროზე თუნდაც სხვა ლიდერებს ჰქონდათ. ამიტომ რა კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს ზურაბიშვილმა და რა პოლიტიკური გეგმა უნდა მისცეს ოპოზიციას, მართლა ვერ წარმომიდგენია.
– თავად ოპოზიციის პოლიტიკური მოქმედების გეგმა როგორ წარმოგიდგენიათ, ხშირად ისმის მათივე მხარდამჭერების მხრიდან, რომ ერთი საერთო გეგმა ვერ დაიდო. ხელისუფლება კი მათ ყველა ნაბიჯით ასწრებთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ოპოზიცია საერთო მოქმედებას, რამე გეგმის დასახვას? თუ ასე დინებას უნდა მიჰყვნენ?
– ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ერთგვერდიანი გეგმისმაგვარი ერთი დოკუმენტიც კი არ დადებულა. მხოლოდ ისმის ლოზუნგები, ჩამოვაგდოთ, გადავაგდოთ, სანქციები დავადებინოთ, ივანიშვილი გავაკოტროთ, რუსია. ხოლო გეგმა, რომ აი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიცია რას იზამს, როგორ მოიქცევა, არ არსებობს. ისევ ამბობენ, რომ ივანიშვილს დავიჭერთო, ყველას გიმახსოვრებთო, ხალხს თითს უქნევენ და უკვე ემუქრებიან. რეალურად მათ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვა მოუწევთ.
ამიტომ, არავინ იცის როგორ მოუმწიფდებათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, გამოჩნდება. მე მგონია, რომ მონაწილეობას მიიღებენ, რადგან საერთოდ პოლიტიკური გაბანკროტება იქნება მათი მხრიდან ამ არჩევნებზე მიღებაზე უარის თქმა. თუმცა როგორი შედეგიანი იქნება, ეს გამოჩნდება. მათი ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოქმედებები სულ კრახით დამთავრდა და შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს, ხალხს გული აქვს გატეხილი. მათივე ამომრჩეველმა დაკარგა ოპოზიციის იმედი. ამიტომ არ ვიცი ამათი საშველი რა იქნება, მე გამოსავალს ვეღარ ვხედავ.
– რა ფორმით და კონტექსტში მოხვდება საქართველოს საკითხი ტრამპის ინტერესში და მისი გადაწყვეტილება ჩვენთან დაკავშირებით რამდენად იმოქმედებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?
– რა თქმა უნდა, ტრამპისთვის საქართველო ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცევა, როდესაც მაგიდაზე კავკასიის საკითხი დაიდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ პუტინის ფაქტორიც, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით თავისი მიზნები და გეგმები აქვს. მეორე სინათლის წყარო კი ჩინეთია, რომელსაც ახლა საქართველოსთან მიმართებაში თავისი ეკონომიკური გეგმები აქვს. ტრამპი როცა შეხვდება პუტინს და სი ძინპინს, გარკვეული კონტურები კავკასიასთან დაკავშირებით გამოიკვეთება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, უკვე ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს.
ელზა პაპოშვილი