ნიჭიერი ირანელი ტენორისთვის რელიგიის გამო ოპერის შესწავლა რთული იყო. მიუხედავად ამისა, ბედნიერი შემთხვევის წყალობით მან მოახერხა იტალიაში გამგზავრება და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საოპერო თეატრის “ლა სკალას” მუდმივი მსახიობია და კარიერის მანძილზე არაერთხელ გამოსულა ევროპის ბევრ ცნობილ თეატრში. იგი ეწევა ქველმოქმედებას და ეხმარება ბავშვებს. თუმცა მისმა შემოქმედებამ ირანში, ოფიციალურ ხელისუფლებაში გამოძახილი ვერ პოვა. მორიგი კონცერტის წინ რამტინ გაზავიმ Front News-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
– რა ასაკიდან დაინტერესდით მუსიკით და ვინ იყო თქვენი კუმირი ბავშვობაში?
– სპარსული კლასიკური მუსიკის შესწავლა 6 წლიდან, ფორტეპიანოს შესწავლა – 15 წლიდან, ლირიკური სიმღერების კი 19 წლიდან დავიწყე. მე არ მქონდა წვდომა ბევრ მუსიკალურ ნოტთან ან აუდიო თუ ვიდეოჩანაწერთან, თუმცა შემთხვევით ვიპოვე ტენორების სამი აუდიოჩანაწერი და შემიყვარდა ეს ფანტასტიური ტენორები – პავაროტი, დომინგო და კარერასი!
– რამდენად რთული იყო საოპერო სიმღერის შესწავლა ირანში? რატომ აირჩიეთ მუსიკის ეს მიმდინარეობა?
– სამწუხაროდ, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანში ერთადერთი საოპერო თეატრი დაიხურა, ოპერა კი აიკრძალა! როგორც უკვე გითხარით, ძალიან რთული იყო მუსიკალური ნოტების ან ჩანაწერების მოძებნა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტრესურსები, როგორიცაა YouTube, Spotify და სხვა. მე მყავდა მეგობარი, რომელიც კლასიკურ გიტარას სწავლობდა და როდესაც მე მასთან პირველად მოვისმინე ოპერა, ვიფიქრე, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც მსურდა – სიმღერა და სცენაზე თამაში! ვცადე მასწავლებლის პოვნა, თუმცა ოპერის სიმღერების პედაგოგები არ იყვნენ, ამიტომ თავად დავიწყე შესწავლა, უბრალოდ ვუსმენდი და ვბაძავდი დიდ ტენორებს, შემდეგ ვიმღერე რამდენიმე პიესა გიტარისთვის და შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დამარწმუნა საოპერო სიმღერის შესწავლა გამეგრძელებინა.
– როგორ აღმოჩნდით იტალიაში და როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ამ ნაბიჯს?
– მე ვმუშაობდი საოჯახო მაღაზიაში მამასთან და ორ ძმასთან ერთად, სადაც ერთხელ იტალიელი ტურისტი მოვიდა, რომელსაც მე ვთხოვე დამხმარებოდა სწორი აქცენტის გაკეთებაში იმაში, რასაც ვსწავლობდი. მან მთხოვა მემღერა და როდესაც ჩემი ხმა გაიგო, მითხრა, რომ კარგი ხმა მქონდა და სურდა საოპერო სიმღერის შესასწავლად იტალიაში მოხვედრაში დამხმარებოდა. მე ვიყავი ბაჰაის მიმდევარი და ისევე, როგორც ამ რელიგიის მიმდევარ სხვა ბევრ ახალგაზრდას, უნივერსიტეტში განათლების მიღების უფლება არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ქალბატონის დახმარება მიმეღო და იტალიაში გადავსულიყავი.
– როგორ მოხვდით “ლა სკალაში”? როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება, როდესაც ამ თეატრში მიგიწვიეს?
– როდესაც იტალიაში ჩავედი, მილანის კონსერვატორიაში მივედი მსმენელად, სადაც გუნდში სიმღერა მომიწია, რომლის დირიჟორი იყო მაესტრო ბრუნო კასონი, ის ასევე იყო “ლა სკალას” დირიჟორი და როდესაც ჩემი ხმა მოისმინა, შემომთავაზა “ლა სკალას” გუნდში მემღერა. იქამდე მე ვმუშაობდი IKEA-ს მაღაზიის საწყობში და ეს იყო ჩემთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა ჩემი ცხოვრება შემეცვალა, შესაძლოა, სამუდამოდ!
– რომელია თქვენი საყვარელი ოპერა და რომელი შესრულება იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?
– ძნელია გამორჩევა, რადგან არსებობს ბევრი კომპოზიტორის ბევრი შესანიშნავი მუსიკა, ისეთების როგორიცაა ვერდი, დონიცეტი, პუჩინი, როსინი, გუნო და სხვა. მაგრამ ჩემთვის პუჩინის “ბოჰემა” და რუდოლფის როლი ჩემთვის განსაკუთრებულია.
– როგორია ირანელების რეაქცია თქვენს სიმღერაზე იტალიაში? რამდენად პოპულარული ხართ ირანში? იღებთ წერილებს ირანელი თაყვანისმცელებისგან?
– ლა სკალაში პირველი ირანელი ტენორის ხარისხში მოსახლეობის მცირე ნაწილი მიცნობს, ეს ის ხალხია, ვინც იცნობს კლასიკურ მუსიკას. 2013 წელს იტალიის საელჩომ ირანელი ახალგაზრდებისთვის საოპერო სიმღერის მასტერკლასების მიზნით მიმიწვია, თუმცა სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მიმიღია მიწვევა ირანის ფილარმონიის ორკესტრის ან სხვა ორგანიზაციებისგან, რათა ჩემ ქვეყანაში ჩემი ხალხისთვის მემღერა.
– დღეს კლასიკურ მუსიკას ძირითადად მოყვარულები უსმენენ, ადამიანების უმრავლესობა უსმენს ელექტრონულ მუსიკას, პოპ-მუსიკას და ა.შ. როგორ ფიქრობთ, როგორია ოპერის მომავალი? შეძლებს კლასიკური მუსიკა თანამედროვეს “დაუპირისპირდეს”?
– ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის განათლებაზე, თუ კლასიკური მუსიკა როგორც კლასიკური ხელოვნება განათლების ნაწილი ბავშვობიდანვე იქნება, ის იცოცხლებს მუდმივად… მირჩევნია, არ ვიფიქრო იმაზე, რა იქნება!
– გიფიქრიათ ირანში მუსიკალური სკოლის გახსნაზე ან ირანელი ახალგაზრდების იტალიაში მოწვევაზე?
– პედაგოგობა ჩემი პირველი იდეა იყო, როდესაც იტალიაში სწავლა დავიწყე, რადგან მე, ისევე როგორც სხვა ირანელ ახალგაზრდებს, არ მქონდა შესაძლებლობა კარგ მასწავლებელთან მესწავლა, ამიტომ პირველივე ეს გავიფიქრე. მე მომწონს პედაგოგობა, ჯერ კიდევ ვფიქრობ ჩემი ბოლო მასტერ-კლასის მონაწილეებზე, ასევე ვიღებ წერილებს ირანელი ახალგაზრდა სტუდენტებისგან, რომლებიც მეკითხებიან, როგორ გახდნენ ისეთები, როგორიც მე ვარ ან რას ვფიქრობ მათ ხმაზე. ვცდილობ ყველას შეძლებისდაგვარად სწრაფად ვუპასუხო.
– თქვენი აზრით, რა არის ძირითადი განსხვავებაა საოპერო სიმღერაში სპარსულ კულტურასა და ევროპულ კულტურაში?
– განსხვავებაა არა იმაში, როგორ მღერით თქვენ, რადგან არსებობს ოპერის შესრულების მხოლოდ ერთი მეთოდი, არამედ სირთულეა მღერა სპარსულ ენაზე – ეს არის რამდენიმე თანხმოვნის გამოთქმა, რომელიც უნდა ისწავლო.