თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და გადააფასოს საქართველოსთან ურთიერთობები და მიღწევები ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.
მან ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
“ევროპარლამენტი ძალიან სერიოზულ, ნათელ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამშრომლებს “ქართული ოცნებიდან”, ევროკავშირის წევრობა შეუსაბამოა მათ პოლიტიკასთან. თქვენ ვერ იქნებით პროევროპელი და იმავე დროს კრემლის მხარდამჭერი. თქვენ ვერ დაუჭერთ მხარს ევროპული ცხოვრების გზას და ამავე დროს ვერ დაუჭერთ მხარს სტალინის გზას. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და გადააფასოს საქართველოსთან ურთიერთობები და მიღწევები ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით.
ჩვენ მოვუწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ, საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაზიანდება.
ამჟამად საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, ვერავინ იქნება უფრო მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ თვითონ. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს გზას, რომელიც მიდის დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.