ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის მუზეუმის არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა დასრულებულია.
9 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეები – გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი რაჭის მუზეუმში იმყოფებოდნენ, რა დროსაც პირადად გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას, რომელიც განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ.
რაჭის მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და მისი მოადგილეები. ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
რაჭის მუზეუმის შენობაში განთავსებულია საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო დარბაზი, ფონდების საცავი, ბიბლიოთეკის, მედიათეკისა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეები, შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აიგო.
უახლოეს პერიოდში რაჭის მუზეუმში ბინას დაიდებს ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში“ დღემდე დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია: კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, ისტორიული ფოტომასალები, ხელნაწერი ისტორიული დოკუმენტები და სხვა კოლექციები, სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი.
მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5,5 მილიონი ლარი შეადგინა.