სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, საქმეზე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე.
“სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რათა ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი, გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული წაექეზებინათ, რათა ჰქონოდა შიმშილობის ოთხი ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ძვირფას საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან კორექტული გახლდათ და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომლებიც განუხრელად იცავენ ადამიანის უფლებებს და ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.