“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში იმსჯელებს, ანტინარკოტიკული რეფორმაა, რომელიც მნიშვნელოვან და გარდამტეხ როლს შეასრულებს ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისი შეფასებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა გარედან თავს მოხვეული მიდგომა იყო და მას საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული, მტრული მიზნები ჰქონდა.
“ეს მიზნები იყო ქართული გენოფონდის დაზიანება, სახელმწიფოს დასუსტება და გადაგვარება. ამიტომ რეფორმა მნიშვნელოვანი პროცესია და ჩვენი ვალდებულებაა, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც მაღალი სტანდარტით დაიცავს, პირველ რიგში, ჩვენს მომავალ თაობებს და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუმკვიდრებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ანტინარკოტიკული რეფორმის პროცესში რადიკალური ოპოზიცია ნარკოდანაშაულის მხარეს დადგა და მათი ეს მიდგომა გასაკვირიც არ არის.
“ამ ადამიანებისგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვინაიდან როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია, ისინი ყოველთვის საქართველოს მტრულ პოზიციებს იკავებენ. მაგალითად, ომისა და მშვიდობის დროს, ისინი ომის მხარეს დგებიან, სუვერენიტეტისა და მონობის დროს – ისინი მონობის მხარეს დგებიან, ღალატისა და ეროვნული პატრიოტიზმის დროს – ისინი ღალატის მხარეს ირჩევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ვინაიდან ისიც ფაქტია, რომ დღეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ყველაზე ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოებისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენს. ამ პროცესში უმთავრესი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, რადგან ნარკოტიკების გაყიდვა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის ან ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთი კონკრეტული პირის მიმართ, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არყევს. ამიტომ ნარკორეალიზატორებისადმი ისეთივე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა იქნება, როგორიც მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს, ვინაიდან შედეგობრივად, ეს მონათესავე დანაშაულებია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.