დღეს რასაც ვხედავთ სკოლებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისათვის, რაც ძალიან სახიფათო და საშიში შეიძლება იყოს, ვინაიდან, ამან გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა და ჩაგვრა ბავშვების მიმართ, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვთა განვითარებას, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, აპირებს მიმართოს UNICEF-ის როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს და ასევე, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ასევე, იონათამიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედება არის გაეროს კონვენციის და საქართველოს ბავშვთა კოდექსის 38-ე მუხლის წინააღმდეგ მიმართული აქტი.
“ამაზე ჩვენი საუბარი დღეს არის მნიშვნელოვანი და ვაპირებ აუცილებლად მივმართო UNICEF-ის როგორც საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ასევე საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს და ასევე, მივმართო გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები, რადგან ბავშვების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური ნიშნით არის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალური ქმედება. ჩვენი მიზანია და ბავშვთა საუკეთესო ინტერესები ნიშნავს სწორედ იმას, რომ მათ შევუქმნათ უსაფრთხო, ტოლერანტული გარემო და სწავლების პროცესი უნდა იყოს შეუფერხებელი და ეს ადამიანები საპირისპიროდ რომ იქცევიან, მგონი, ამას თითოეული ვხედავთ. ეს არის პირველ რიგში გაეროს კონვენციის სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართული აქტი მათი მხრიდან, ეს არის საქართველოს ბავშვთა კოდექსის 38-ე მუხლის წინააღმდეგ გადადგმული აქტი და ცოტა ყველა ფრთხილად იყოს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ადამიანებს – ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს აქვთ საუკეთესო მემკვიდრეობითი კავშირები ბოლშევიზმთან და ფაშიზმთან, ამითაც დასტურდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.