ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დაშლით ევროკავშირის რეკომენდაციის პირველი პუნქტი – დეპოლარიზაცია შესრულდება, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით, ჩვენი ქვეყანა გადადგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
“როდესაც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უზრუნველყოფით დეოლიგარქიზაციის ახალ კანონზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რადიკალური ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა ძალიან ზუსტ მაგალითს გვაჩვენებენ თუ რა არის ოლიგარქიზაციის მანკიერი და მავნებლური მხარე. ამ პარტიაში და მის წიაღში ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს გაჩაღებულია ოლიგარქების ომი გალენებისთვის და უფრო დაბალ დონეებზე, პარტიის წევრების და აქტივისტების ომი ამ ოლიგარქების ფულის გადანაწილებაზე. ყოველივე ამის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რომ ჩვენ დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი კანონი მივიღოთ და ამ პროცესში უკრაინულ მოდელს დავეყრდნოთ, რომელიც მოწონებულია ევროკომისიის მიერ, მაგრამ რომლისაც ძალიან ეშინია „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი საზოგადოება კარგად გრძნობს და ხედავს თუ რას ეფუძნება ამ პარტიის შიში აღნიშნული კანონის მიმართ. ვინაიდან მთელი ის ნეგატიური კამპანია, რაც ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ და უნდოდათ ამ პროცესის პერსონალიებზე დაყვანა, ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია და ეს შეუქცევადი პროცესია.
მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პარტია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და ყოველთვის ცდილობდა ხელი შეეშალა ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის.
“რადიკალური ოპოზიციის დაშლით შესრულდება რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით, ჩვენი ქვეყანა გადადგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.