სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ამჯერადაც სააკაშვილის მარცხით დასრულდა სტრასბურგში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შიდა და გარე აქტორების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების სისწორე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან მიმართებით.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით როგორი ზიზღის და ცილისმწამებლური კამპანია წარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ექიმების და მოსამართლეების წინააღმდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ თუნდაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებმა გაუძლო სტრასბურგის ტესტს და ეს ყოფილა სწორი. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ის შიდა და გარე აქტორები, ვინც ამ კამპანიით ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, უნდა გამოვიდნენ, აღიარონ ეს ყველაფერი და ბოდიში მოუხადონ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას”, – განაცხადა იონათამიშვილმა.