საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასება არის შუალედური და არა – საბოლოო, ამიტომ, ოხანაშვილისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიაჩნიათ დასკვნის ავტორებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
“დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებსა და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა, რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს”-განაცხადა ოხანაშვილმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად “ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა”.