ორი დღეა, რეგიონებში სტიქიას ებრძვიან. მძიმე მდგომარეობაა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში, რეგიონში მოსახლეობის ნაწილი გაზის, წყლის და შუქის გარეშეა არიან დარჩენილი. ხეების წაქცევის შედეგად დაზიანებულია 10 ავტომობილი, ღამით ქარმა 70-მდე შენობის სახურავი და ათამდე მანქანა დააზიანა.
ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შედეგად შენობის სახურავი დაზიანდა.
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა გურიას. გუშინ და დღეს ძლიერმა ქარმა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მოთხარა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოსაცდელები, საცხოვრებელი სახლების სახურავები.
ლანჩხუთში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 35 წლამდე მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სენაკში ქარის გამო ხე წაიქცა და მიკროავტობუსს დაეცა, დაშავებულია სამი მგზავრი.
ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.