რიონის ხეობის მცველები და აქციის მონაწილეები "ენკას" ოფისის ერთ-ერთი ბაზისკენ მსვლელობით მიემართებიან და გზის გადაკეტვას აპირებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ გზა ნამოხვანისკენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს რკინის ჯებირებით და სპეცრაზმის კორდონით დღეს კიდევ ერთხელ გადაუკეტა.
"არანაირი საფუძველი არ აქვთ იმისი, რომ შეგვიზღუდონ მშვიდობიანი პროტესტი ხეობაში. დღესაც, რამდენიმე წუთის წინ, ნათელი დემოსტირება მოხდა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ. ვერაფერი ვერ თქვა სამხარეო პოლიციის უფროსმა, რატომ გვეკრძალება გადაადგილება. ახსენა ის, რომ საძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენ ამ პროცესს შევუშლით ხელს, მაგრამ არანაირად შემხებლობაში არ მოვდივართ ჩვენ, ჩვენი გადაადგილებით სამძებრო სამუშაოებთან. გუშინ თქვეს, რომ კლიმატური პირობების შესაძლო გაუარესების გამო ვერ გვიშვებდნენ ხეობაში. მემგონი თვითონვე აიხლართნენ ამ ტყულებში, იმიტომ, რომ სიმართლე არც ერთ მათ განცხადებას არ უდევს საფუძვლად. ავიწყდებათ წინა დღეს რა თქვეს და მომდევნო დღეს რა უნდა თქვან.
ჩვენთვის რა თქმა უნდა, რთულია ამ პირობებში ერთი და იმავე ადგილზე ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება და საპოლიციო ძალები, ამიტომ გადმოვინაცვლებთ ახლა ისევ კომპანიის ოფისის ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას და ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას. თუკი ჩვენ, ჩვენი კონსტიტუციური უფლება გვეზღუდება აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უსამართლოდ, მაშინ ვერც კომპანიის მანქანებმა ვერ უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება", – განაცხადა ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობაში ვითარება დაძაბულია. პოლიციას ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვს და ხეობის მცველებს საკუთარ მიწაზე არ უშვებს.