ბოლო 200 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
42 წლის რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ბოლო 200 წლის ისტორიაში არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია, არამედ პირველი ინდური წარმოშობის მთავრობის მეთაურიც.
კონსერვატორების ლიდერი 1980 წელს საუთჰემპტონში, აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრირებული ექიმების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იქ საცხოვრებლად ინდოეთის პენჯაბიდან ჯერ კიდევ კოლონიალურ დროში გადავიდნენ.
რიში სუნაკი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სადაც სწავლობდა პოლიტიკას, ეკონომიკასა და ფილოსოფიას. 2001-2004 წლებში მუშაობდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საინვესტიციო ბანკში Goldman Sachs-ში, შემდეგ მიიღო მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაში.
შემდეგ მუშაობდა TCI ჰეჯ-ფონდში, დააარსა გლობალური საინვესტიციო კომპანია 1 მილიარდი დოლარის ბრუნვით, რომელიც სპეციალიზირებულია ბრიტანული მცირე ბიზნესის მხარდაჭერაში.
სტენფორდში სწავლის დროს მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე აკშატა მურთი, ინდოელი მილიარდერის ქალიშვილი, რომელმაც დააარსა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Infosys. წყვილის ერთობლივი ქონება 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული (თითქმის 830 მილიონი დოლარი), ისინი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების მესამე ასეულში არიან.
რაც შეეხება პოლიტიკურ კარიერას, რიში სუნაკი ბრიტანეთის პარლამენტში 2015 წელს შევიდა. ორი წლის შემდეგ იგი ხელახლა აირჩიეს.
მთავრობის მუშაობაში პირველად 2018 წელს, ტერეზა მეის საკადრო ცვილებების შემდეგ ჩაერთო და საბინაო, თემებისა და ადგილობრივი მმართველობის მინისტრის საპარლამენტო თანაშემწედ დაინიშნა.
2019 წლის ივლისში ის ბორის ჯონსონის მთავრობაში ხაზინის მთავარი მდივანი გახდა. იმავე წლის ზამთარში მან ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა თავის რაიონში 63,6%-ით. უკვე 2020 წლის თებერვალში ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. პანდემიის დროს მან უზრუნველყო ბიზნესისთვის ფინანსური დახმარება, რამაც პოპულარული გახადა ბრიტანელებში.
2022 წლის ზაფხულის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სუნაკი იყო ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერობისთვის. პარლამენტარების კენჭისყრის ბოლო ტურის შედეგების შემდეგ, ლიზ ტრასთან ერთად, ის ფინალურ ეტაპზე გავიდა, სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად ტრასი აირჩიეს, რომელმაც მიიღო 81 326 ხმა სუნაკის 60 399-ის წინააღმდეგ.
თუმცა, “მეორე ტეტჩერმა“ თანამდებობაზე მხოლოდ ხუთი კვირა გაძლო და ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის წარუმატებლობის გამო კრიტიკის შემდეგ პოსტი დატოვა.
სუნაკმა კანდიდატურა ოფიციალურად 23 ოქტომბერს დააყენა, იმავე დღეს პრემიერ-მინისტრობისთვის კიდევ ერთხელ ბრძოლაზე უარი განაცხადა ბორის ჯონსონმა, მეორე დღეს კი კიდევ ერთმა კანდიდატმა პენი მორდანუტმა თქვა უარი, შედეგად სუნაკი “კონსერვატიული პარტიის” ლიდერობის და პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.