spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როგორი იქნება ახალი მოწვევის ევროპარლამენტი – წინასწარი მონაცემები

ევროკავშირში დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნებზე კენჭისყრა სრულდება. უკვე ცნობილია, რამდენი ადგილის მოპოვება შეუძლიათ ფრაქციებს ახალ მოწვევის პარლამენტში.

 

ევროკავშირის ქვეყნებში კენჭისყრის შეფასების საფუძველზე მანდატების განაწილების წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია ახალი მოწვევის ევროპარლამენტში პირველობას შეინარჩუნებს. EPP-ს სავარაუდოდ, 181 ადგილის მოპოვებას შეძლებს.

 

რამდენი ადგილის მიღება შეუძლია სხვა ფრაქციებს:

 

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) – 135

 

“განაახლე ევროპა“ (Renew Europe) – 82

 

“ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” (ECR) – 71

 

“იდენტობა და დემოკრატია“ – 62

 

მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი (Greens-EFA) – 53

 

მემარცხენეები (GUE/NGL) – 34

 

კიდევ 51 ​​ადგილის მოპოვება შეუძლიათ დამოუკიდებელ ევროპარლამენტარებს. იმავე რაოდენობის მანდატების მიღება შეუძლიათ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიანებით გახდებიან ევროპარლამენტის რომელიმე ფრაქციის ნაწილი.

 

საერთო ჯამში, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 720 მანდატი იქნება.

 

ამჟამად არსებული მონაცემებით, ევროპარლამენტის ორმა ძირითადმა ჯგუფმა – ევროპის სახალხო პარტიამ და სოციალ-დემოკრატებმა  შეინარჩუნეს თავიანთი დომინანტური პოზიციები. EPP გაიზარდა 5 მანდატით, სოციალ-დემოკრატებმა დაკარგეს ოთხი.

 

სხვა ორმა ჯგუფმა – Renew (ლიბერალები) და მწვანეებმა – დაკარგეს 20 და 18 მანდატი.

 

ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფს (მემარჯვენე კონსერვატიული) ორი მანდატით მეტი ექნება. “იდენტობა და დემოკრატიის“ წარმომადგენლობა გაიზარდა 13 მანდატით.

 

ევროპარლამენტის არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე მიმდინარეობდა. ახალი მოწვევის ევროპარლამენტი მუშაობას 16 ივლისს დაიწყება. მისი პირველი გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევა იქნება. მოსალოდნელია, რომ ევროპელი დეპუტატები მოქმედ პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ახალი ვადით აირჩევენ.

 

ევროპარლამენტთან ერთად, ევროკავშირში ამ არჩევნების შემდეგ, ევროკომისიის შემადგენლობა მის ხელმძღვანელთან ერთად განახლდება. ევროკომისიის ხელმძღვანელის ასარჩევად კენჭისყრა მას შემდეგ დაინიშნება, რაც ევროკავშირის ლიდერები ამ პოსტზე კანდიდატს შეარჩევენ.

 

ევროპარლამენტის უმთავრესი ამოცანა უახლოეს მომავალში ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცებაა, რასაც 361 ხმის უმრავლესობა დასჭირდება. ამ პოსტზე მთავარი კანდიდატია ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობის შენარჩუნებას კიდევ ხუთი წლის ვადით, რადგან ამ დროის მონაცემებით, მას სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ელის EP ფრაქციებში.

 

დანიშვნის ან ხელახალი არჩევის შემდეგ, ევროკომისიის ხელმძღვანელს მოუწევს ევროკომისრების ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები